ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორი შუახნის მამაკაცი გადაიყვანეს. ისინი ანაკლიის საკარანტინე სივრცეში იყვნენ მოთავსებულნი. ჰოსპიტალში ერთ-ერთი მათგანის გადაყვანა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიის გამო გახდა აუცილებელი, რადგან პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენდა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით, აღებულ იქნა ცხვირ-ხახიდან ნაცხი.
პაციენტს ბოქსირებულ პალატაში უკვე გაეწია შესაბამისი დახმარება და კვლავ გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში. რაც შეეხება, მეორე სავარაუდო ინფიცირებულს, ის ჰოსპიტალში ცხელებისა და ხველის რამდენიმე დღიანი ანამნეზით იქნა შეყვანილი, რომელსაც ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ პაციენტს აღენიშნება მარჯვენამხრივი პნევმონია. მასაც ასევე, ჩაუტარდა ნაცხის ანალიზი და ამ დრომდე ბოქსირებულ პალატაში რჩება.
ორჟონიას თქმით, დღეს ორივე პაციენტის ანალიზი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და უკვე ხვალ გახდება ცნობილი, დაუდასტურდებათ თუ არა მათ COVID 19.